სასტიკი მკვლელობა სამართალდამცავების მონაწილეობით - 35 წლის დავით მუმლაძეს, რომელიც ორი დღის წინ მტკვარმა გამორიყა, ანგარიშსწორების მოტივით გაუსწორდნენ. ახალგაზრდა მამაკაცს 30-მდე ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
საქმის მასალების მიხედვით, მუმლაძე მეგობარ გეთაშვილთან ერთად გლდანში გაადაადგილდებოდა, რა დროსაც ახალგაზრდები პოლიციამ გააჩერა და მუმლაძე მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. რუსთავის სამმართველოს პოლიციელებმა, მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ, ყოფილ სამართალდამცავ დიმიტრი დუღაშვილთან ერთად, დავით მუმლაძე რუსთავში წაიყვანეს. საქმიდან ირკვევა, რომ მუმლაძეს წარსულში დაპირისპირება ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მას ე.წ. "ობშიაკის" ფულის მითვისებისთვის ეძებდნენ. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი კრიმინალურ ავტორიტეტებს გადასცეს. მათ კი, მუმლაძე ცივი იარაღით დაჩეხეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს.
განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ერთი მამაკაცი დააკავეს, მეორე იძებნება. ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გატაცებისთვის კი, დაკავებულია 3 პოლიციელი, რომლებმაც დავით მუმლაძე რუსთავში კრიმინალურ ავტორიტეტებს შურის საძიებლად ჩაუყვანეს. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი სურამში, მშობლების სახლში დღეს ჩაასვენეს.
ავტორი:დავით ქაშიაშვილი.